უკან

გიორგი მაღრაძე | განათების დიზაინი ინტერიერისთვის

13.04.2020

„განათების არქიტექტურა არა სანათის ფორმის, არამედ შუქის დიზაინის შექმნაა.“


გიორგი მაღრაძე - განათების დიზაინერი | ფრანგული განათების სტუდია “Ponctuelle“-ს ლაით არტისტი

რატომ  დაინტერესდი განათების დიზაინით?

ათი წლის წინ გამიჩნდა იდეა განათება სკულპტურაში და ინსტალაციაში გამომეყენებინა, ეს იყო შუქის „დამორჩილების“ პირველი მცდელობები.
დავინტერესდი სინათლის ძლიერი ბუნებით და სახელოსნოში დავიწყე სანათების კეთება. მივხვდი, რომ განათებაზე მოყვარულის დონეზე მუშაობა აღარ მაკმაყოფილებდა. ვგრძნობდი, ეს მედიუმი ბევრად მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში
(Light design & LED technology)  გამეგრძელებინა. სინათლის ფიზიკის და გეომეტრიის შესწავლა დიდი გამოწვევაა ხელოვანისთვის, მაგრამ რთულია განათებაზე მუშაობა ტექნიკური მახასიათებლების ფლობის გარეშე. ეს ცოდნა გეხმარება მაყურებელზე უფრო ეფექტურად მოახდინო შთაბეჭდილება.

რა ფუნქცია აქვს განათებას ინტერიერში და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი დიზაინისთვის?

ინტერიერში განათების როლი ძალიან დიდია. თუ არ არის სინათლე, არ არის ფერიც და ფერი, გადამწყვეტია. არასწორი შუქით შეიძლება გაანადგურო მუზეუმის კედელზე დაკიდებული შედევრი ან ნაადრევად დაღალო ოფისში დასაქმებული ... შუქი პირდაპირ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანს ცივი ფერის განათებაში დიდ ხანს ამყოფებ, მისი ორგანიზმი შეწყვეტს ძილის ჰორმონის გამომუშავებას. თბილ განათებაში პირიქით, ძილი მოერევა იმიტომ, რომ მზის ჩასვლას მოაგონებს.


(ფოტო ინსპირაციისთვის)
სწორი განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სივრცეებში, სადაც ადამიანს უწევს დიდი დროის ერთ ადგილას გატარება - ოფისში, ბიბლიოთეკაში... ალბათ, ხშირად შეუწუხებიხართ თვალისმომჭრელ ან არასაკმარის შუქს განათების წყაროდან. უხარისხო განათების პირობებში ნაყიდი ნივთი, მზის შუქზე სხვა ფერის აღმოჩნდება ხოლმე ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ შუქის ხარისხს და უნარს აღიქვას ფერები (color rendering index).

რას ითვალისწინებ პროექტზე მუშაობისას ტექნიკური თვალსაზრისით და რა პრინციპით არჩევ ვიზუალურ კონცეფციას?

 როცა პროექტზე მუშაობას ვიწყებ, ჯერ ვიკვლევ  რა მიმართულებითაა განათების საჭიროება. წინასწარ განვსაზღვრავ შუქით არქიტექტურის ხაზგასმა მინდა თუ სინათლით არქიტექტურის შექმნა. ყველა კატეგორიის სივრცეს თავისებური ტექნიკური გათვალისწინება სჭირდება. მაგალითად, ურბანული განათებისთვის საჭიროა შეირჩეს სანათი, რომელიც არ გაფლანგავს შუქს და საკმარისი რაოდენობის სინათლესაც მიაწვდის მოსახლეობას. სადაც დიდ დროს ვატარებთ და თვალის დაძაბვა გვიწევს, უპირატესობას ვანიჭებ ვიზუალური კომფორტის შექმნას. 

შენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდი და რატომ?

გამოვარჩევდი, პარიზის „გალერი ლაფაიეტის“ ფასადის   საკონკურსო ნამუშევარს. ამ პროექტზე წამყვანი ფრანგული   სტუდიის „8’18“-ის დიზაინერებთან (Rémy Cimadevilla, Emmanuelle   Sébie) ერთად ვმუშაობდი.


იდეის მიხედვით, გალერეის ფასადზე უნდა დაგვემაგრებინა ფერადი, გამჭვირვალე შუშის მოზაიკური კონსტრუქციები. მზის სხივების მეშვეობით კედლებზე სხვადასხვა ფერის შუქი იმოძრავებდა. იგივე ეფექტს სფოთ განათებით ღამეც მივიღებდით. ამ პროექტის მაკეტზე და მასალებზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა.

გვყავს საქართველოში პროფესიონალი განათების დიზაინერები?ადვილად ხელმისაწვდომია საჭირო მასალები?და თუ არა, მაშინ რა გამოსავალს სთავაზობ დამკვეთებს?

განათების დიზაინი ახალი პროფესიაა. ბევრს არ ესმის მისი მნიშვნელობა და ელექტრიკოსს ან არქიტექტორს აკეთებინებს განათებას. არ გამიგია, საქართველოში ვინმე პროფესიონალურად მუშაობდეს არქიტექტურის განათების დიზაინზე. ამ მედიუმს დიდი შესაძლებლობები აქვს და სრულად რომ გამოიყენო, სპეციფიური ცოდნაა საჭირო.

საქართველოში მასალების მცირე არჩევანია. არც მათ ტექნიკურ მახასიათებლებზეა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ალტერნატიული გამოსავლი მასალის გამოწერა, ან განათების ხელით დამზადებაა.
მასალის გამოწერის დროს არჩევანი ფართოვდება, მაგრამ ბიუჯეტს საგრძნობლად ზრდის. ცხადია, უნიკალური სანათების შექმნა მეტ დროს და შრომას მოითხოვს.

რას ურჩევდი ჩვენს მკითხველს, რომელიც ინტერიერში განათების შერჩევის პროცესშია?

დაიწყეთ განათებაზე ფიქრი რემონტის ან მშენებლობის პარალელურად. კარგი იქნება, თუ ბუნებრივი შუქის მაქსიმალურ გამოყენებას შეეცდებით. როცა, ოთახისთვის სანათს არჩევთ, მხოლოდ ვიზუალს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რამდენად კომფორტული იქნება მისი შუქი თვალისთვის და რამდენად შესაბამისი, სივრცისთვის.

პ.ს.
გიზიარებთ ჩემი ფავორიტი გერმანული განათების სტუდიის „Licht Kunst licht“-ის ნამუშევარს, რომელშიც კარგად ჩანს ხელოვნური და ბუნებრივი შუქის იდეალური შერწყმა. ნამუშევარი შეიქმნა მუზეუმის შენობისთვის, რომელიც დღისით ბუნებრივი განათების წყაროს ოსტატურად იყენებს და სინათლით ქმნის არქიტექტურას.






დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება