ქეთა ლომიძე | ინტერიერის დიზაინი ჩემი გამოცდილებით
„დღეს სულ სხვანაირად ვუყურებ სახლს... ასე გამოვიდა რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ჩვენმა სამსახურმა, სკოლამ, კაფე-რესტორანმა, პარკმა, კინოთეატრმა, თეატრმა - ყველაფერმა ერთ სივრცეში, სახლში გადმოინაცვლა. ადაპტაცია რთულია, მაგრამ უცნაური სიმშვიდე მოაქვს სახლს.“
რა კრიტერიუმებია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლის შერჩევისას?
- დღეს რომ ვყიდულობდე ახალ სახლს, აუცილებლად ყურადღებას მივაქცევდი ადგილმდებარეობას, სუფთა ჰაერს, სიმწვანეს. სახლს აუცილებლად ექნებოდა დიდი აივანი ან დაცული, შემოღობილი პატარა ეზო.
რას ანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას საცხოვრებელ სახლში?
- ჩემთვის შუქს, სინათლეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ სულ დავეძებ მზის სხივებს.
ინტერიერში მომწონს ღია ფერები, თეთრი, სპილოს ძვლის ფერი, ჭუჭყიანი ვარდისფერი, ცისფერი ...
შენი გამოცდილებით, როგორ შეგვიძლია ინტერიერში მარტივად შევქმნათ სასურველი განწყობა?
- სივრცე, სადაც მოგიწევთ დიდი დროის გატარება უნდა იყოს მშვიდი. ვფიქრობ, რომ აქსესუარებით და ავეჯით შესაძლებელია ცვალოთ თქვენი სახლი და სიმყუდროვე შექმნათ ნივთებით, განათებით, ტექსტილით. ინტერიერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარეებს, რომლებმაც შესაძლოა სრულიად შეცვალონ განწყობა თქვენს სახლში.
შენი აზრით, რა არის მთავარი შეცდომა, რომელიც რემონტის დროს შეიძლება დაუშვა?
ბოლო დროს, თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელებში ინტერიერის დიზაინის ახალ ტრენდებს, ბევრ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვენლოვანია საკუთარი სახლი გააკეთოთ არა ტრენდების მიხედვით, არამედ თქვენი საჭიროებების შესაბამისად დააპროექტოთ.
ამ საქმეში აუცილებელია პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერის დახმარება, რომელსაც დეტალურად გაუზიარებთ როგორი გინდათ იყოს თქვენი სახლი და ის, თქვენი სურვილების რეალიზებაში მოგეხმარებათ.
მაგალითად, მოაწყოთ პატარა კუთხე, სადაც განმარტოვდებით და არ იქნება ეს საერთო სივრცეში ინტეგრირებული, სამზარეულოს დიზაინი და ფუნქციები თქვენივე ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვა ოჯახის წევრების სურვილები, ანუ თქვენს შვილს გაუკეთოთ ოთახი არა როგორც პინტერესტზე ან რომელიმე ბლოგერის სოციალურქსელშია არამედ, როგორც მას სურს.
გუშინ რაღაც ზღაპარს ვკითხულობდით, რომელშიც გმირი ძილისპირულის დროს ტკბილ ძილს უსურვებს ადამიანებს და მის ოთახში განთავსებულ ყველა ნივთს, ფარდებიდან დაწყებული კარადით დამთავრებული.
ამ ზღაპარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნივთებს რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ფუნქციური ისე, ემოციური.
პ.ს. არ დაგავიწყდეთ კედლებს ლაპარაკი არ შეუძლიათ თუმცა, მოსმენა იციან ყველაზე კარგად.