ნათია ბუკია | თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინტერიერში
„სახლი, სადაც ხელოვნებისთვის ადგილი აღარ რჩება განსაკუთრებული ვერასდროს გახდება.“
ნათია ბუკია - გალერეა Project Artbeat-ის თანადამფუძნებელი, კურატორი, კოლექციონერი
რა არის თანამედროვე ხელოვნება შენთვის?
თანამედროვე ხელოვნება, ფორმალურად რომ ვთქვათ, ახლანდელი ხელოვნებაა, რაც შექმნილა და იქმნება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ამ დროს შექმნილი ხელოვნება თანამედროვე არ არის. თანამედროვე ხელოვნებაში იდეაა წინ წამოწეული და ის ხელობაზე მნიშვნელოვანი ხდება. აქ, იშლება საზღვრები მედიუმებს შორის. თანამედროვე ხელოვნება ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ამას ერთი შეხედვით აღიქვამენ ადამიანები, რომლებსაც ამ დარგთან ნაკლები შეხება აქვთ. ჩემთვის თანამედროვე ხელოვნება აზროვნების ფორმაა.
რა დატვირთვა აქვს ინტერიერში ხელოვნების ნიმუშებს და როგორ ცვლის ოთახის ვიზუალს, განწყობას?
სახლში კერძო კოლექციის ქონა, ერთგვარი, განაცხადია მფლობელის მხრიდან. კოლექციით ახმოვანებ რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და ხაზს უსვამ შენს გემოვნებას, მსოფლმხედველობას. ამიტომ, არ ვეთანხმები მხოლოდ ინტერიერზე მოსარგებად ნამუშევრების ყიდვას. ნახატები მარტო ‘სილამაზისთვის’ არ უნდა გქონდეს, მათთან ერთად უნდა იცხოვრო და გაიაზრო გზავნილები, გაიზიარო ემოციები, რაც ავტორს შენამდე სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით მოაქვს. მიზანი ხომ ისაა, რომ ამ ყველაფერმა შენზე და მთლიანად, სამყაროზე იმოქმედოს?!
რა ტენდენციებია დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში?
ქართულ თანამედროვე ხელოვნებას ერთი ხელწერა არ აქვს, კულტურულადაც და იდენტობითაც საქართველო ყველაზე მეტად ევროპასთან არის ახლოს და ეს თანამედროვე ხელოვნებაზეც აისახება. ჩემი კარიერის დასაწყისში, არ მესმოდა რატომ არ იყო ქვეყნის ყოფა-ცხოვრება ქართული თანამედროვე ხელოვნების მთავარი თემა. ჩვენი არტისტები თითქოს სულ გარეთ იყურებოდნენ იმის მაგივრად, რომ შიგნით ჩაეხედათ. ახლა, ვფიქრობ, ამის მიზეზი საბჭოთა კავშირში ჩაკეტილობა და მსოფლიოს ნაწილად ყოფნის დიდი სურვილი იყო. მიხარია, რომ ეს ტენდენცია იცვლება და გარემო, სადაც არტისტები ცხოვრობენ უფროდაუფრო მეტად აისახება მათ შემოქმედებაში.
გაგვიზიარე შენი საყვარელი ქართველი არტისტების ნამუშევრები
ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ ჩემივე კოლექციიდან ავარჩიო.
მამუკა ჯაფარიძის - „როლექსი“ ჩემი ერთ-ერთი ბოლო შენაძენია. ძლიერი ნამუშევარია. გარდა იმისა, რომ კონცეპტუალურია, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებსაც ატარებს თავის თავში და ესთეტურადაც ძალიან მომწონს.
მაია ნავერიანი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია. მისი ნამუშევრები იდეის და ესთეტიკის იდეალური მიქსია. ძალიან ქვეცნობიერია ის თემები, რაზეც ხატავს თუმცა, ყოველთვის ეხება ისეთ საკითხებს, რაც ყველას გვაწუხებს. Future Wolves, 2011 წელს დახატა და ჩემს პირად კოლექციაში ინახება.
ირაკლი ბუგიანის ეს ნამუშევარი მისი სოვიეტიკუმ სერიიდან არის. ირაკლი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თანამედროვე მხატვარია. ეს ნამუშევარი ნაჩვენები იყო ეროვნულ გალერეაში, 2016 წელს, როდესაც მისი სოლო გამოფენა მოვაწყვეთ. მოგვიანებით ჩემმა ქმარმა მაჩუქა და ძალიან გამაბედნიერა. განსაკუთრებით მომწონს ეს ორი ხაზი, რომელიც ბუნებრივად დაყვება ნახატს.
ეს თამო ჯუღელის პირველი ფერწერაა, რომელიც ჩვენმა გალერეამ - Project Artbeat-მა თამოს სადებიუტო სოლო გამოფენაზე წარმოადგინა. ნამუშევარს რამდენიმე თვე ვინახავდით გალერეაში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ ავტორის სწორედ ეს ნამუშევარი უნდა მოხვედრილიყო ჩემს კოლექციაში. განსაკუთრებული სინათლე შემოიტანა სახლში.
გვანცა ჯიშჯარიანის ნამუშევარი პირველია გობელენების სერიიდან, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ძველ იაფფასიან საბჭოთა დეკორაციებზე, რომლებსაც მეორადების ბაზრობებზე ყოდულობს, მხატვარი საინტერესო და რელევანტურ ტექსტებს აწერს. ეს ნამუშევარი ორი წლის წინ წარმოვადგინე გამოფენაზე, ეხება ჩემთვის უმნიშვნელოვანეს თემას - ქალების და კაცების თანასწორობას. Project Artbeat-ის თანადამფუძნებლის, სალომე ვახანიას ინსპირაციით დავკიდე საწოლის თავზე. გობელენზე მინაწერი ტექსტი - „ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის“, იდეალურად შეეფერება ჩემს გარემოს.
რას ურჩევდი მათ, ვინც სახლისთვის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეძენას გეგმავს?
პირველ რიგში, გაიგეთ მეტი ნამუშევრის და მხატვრის შესახებ.
კონკრეტული წესი კოლექციის შექმნის დროს არ არსებობს. სერიოზულ კოლექციებს აქვთ კონცეფცია და თემა, მაგრამ ახალბედა კოლექციონერებისთვის ეს ნამდვილად არ არის სავალდებულო. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირს, შეგიძლია დაიხმარო კურატორი. როცა ინტერიერისთვის ნახატს არჩევ, სასურველია, მოარგო გარემოს და შეუსაბამო ოთახის კედლებზე ჩამოკიდებულ სხვა ნამუშევრებს. ექსპოზიცია (როგორ, სად, რა სიმაღლეზე, რომელი სხვა ნამუშევრის გვერდით დაკიდებ ნახატს) ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი პირადი კოლექცია არ არის რამე კონკრეტულ თემას მორგებული, ვყიდულობ, ძირითადად, ქართველ ხელოვანებს, რომლებსაც ჩვენი გალერეა წარმოადგენს. ვყიდულობ იმას, რაც მომწონს, მაფიქრებს, რაც მაგრძნობინებს და რისიც მჯერა.
თქვენი ინტერიერისთვის ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების შერჩევა შეგიძლიათ გალერეა Project Artbeat-ის ციფრული კატალოგიდან: www.projectartbeat.com