როგორ სახლში გინდა ცხოვრება?
როგორ სახლში გინდა ცხოვრება — გზამკვლევი, სანამ ინტერიერის დიზაინერს შეხვდებოდე
ცხოვრებისგან ის რომ მიიღო, რაც გინდა, ზუსტად უნდა გაიგო რა გინდა. ეს წესი ყველა მიმართულებით უნივერსალურია და ამ მხრივ, არც ინტერიერის დიზაინი არის გამონაკლისი.
მაშ ასე, დავიწყოთ.
როგორი ტიპის დაგეგმარება გსურს?
მისაღები სივრცე სახლის გულია და ბინის მთლიანი წყობაც გარკვეულწილად მასზეა დამოკიდებული. ამიტომ სანამ უშუალოდ ინტერიერის დიზაინზე გადახვიდოდე, უნდა გადაწყვიტო, სტუდიოს ტიპის — გაერთიანებული სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გსურს, თუ იზოლირებული.
პრიორიტეტები: ფუნქციურობა & სტილი
მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები სწორად დაალაგო, დაფიქრდი, რა არის შენთვის მთავარი — ბევრი სათავსო, მაქსიმალურ კომფორტზე აწყობილი გარემო, სადაც თითქმის ყოველი კუთხე ფუნქციურია, თუ სუფთად ესთეტიკაზე ორიენტირებული დიზაინი? ან სმარტ ჰაუსის ფუნქციების ინტეგრირების სურვილი ხომ არ გაქვს?
რაც არ უნდა იყოს, ბინის ფუნქციურობასა და სტილზე ერთობლივი ფიქრი ინტერიერის დიზაინერს მისცემს მკაფიო დავალებას და არჩეულ პრიორიტეტს შენ მიერ შერჩეულ სტილს (თანამედროვე/მინიმალისტური/თანამედროვე კლასიკა) მიუსადაგებს.
სტილის და ინტერიერის ტიპის არჩევისთვის შესანიშნავი გზამკვლევი თავად დიზაინერების მიერ შედგენილი, უკვე არსებული რენდერებია.
დამატებით კი, უკეთესი ვიზუალიზაციისთვის და ფერთა პალიტრის, მასალებისა თუ ფორმების წარმოდგენისთვის, ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო ინტერნეტში მოძიებული ფოტოები და დიზაინერთან რეფერენსებით მიხვიდე.
ჰობი და ინტერესები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დიზაინზე
თუ რაიმე დამახასიათებელი პროფესია გაქვს, ამის შესახებ ინტერიერის დიზაინერს აუცილებლად უნდა უამბო.
მაგალითად, თუ მზარეული ხარ, ეს აუცილებლად გადაითარგმნება სამზარეულოს კონცეფციასა და დიზაინში, გასათვალისწინებელი იქნება რა ტიპის ტექნიკა გჭირდება და ა.შ. თუ ფრილანსერი ხარ, შენთვის აუცილებელი იქნება სივრცე, რომელიც შენი სამუშაო სიმშვიდის კუნძული გახდება. ან იქნებ მთელი დღის განმავლობაში გასული ხარ და სახლში ყოფნისას, უმეტეს დროს საძინებელში ატარებ, მაშინ ყველაზე დიდი ყურადღება ამ სივრცეს მიექცევა.
როგორც პროფესია, საცხოვრებელი სივრცის მოწყობისთვის არანაკლებ განმსაზღვრელია შენი ინტერესები. მუსიკის სიყვარული შეიძლება აისახოს როგორც კონკრეტულ ნივთებსა და კუთხეებში, ისე ინტერიერის დიზაინის კონცეფციაშიც. წიგნის ჭიების ხასიათი შეიძლება წიგნებით გაწყობილი დეკორით, ბიბლიოთეკით ან წიგნის თაროთი გამოიხატოს, ხოლო კომპიუტერული თამაშების მოყვარულის ბინაში დიზაინში გეიმერული ელემენტები ჩართო.
არსებობს თუ არა რაიმე დეტალი, რომელიც დიზაინერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
ადამიანებს ბევრი რამ გვაერთიანებს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს რაღაც გამოარჩევს, რაც მის საცხოვრებელ სივრცეშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, იქნებ სახლში მცენარეები კატეგორიულად არ გინდა? ან იქნებ ყოველთვის ოცნებობდი დიდ, ჩასაწოლ აბაზანაზე? კარგად გაიხსენე და ეცადე არ გამოგრჩეს მსგავსი დეტალების დიზაინერისთვის გაზიარება.
სასურველი კონდიცირების და გათბობის ტიპი
ეს ის პრაქტიკული ნაწილია, რომელიც ინტერიერის დიზაინზეც მოახდენს გავლენას და შენს სამომავლო ცხოვრების ხარისხზეც, წინასწარ უნდა ჩამოყალიბდე, რომელს ანიჭებ უპირატესობას?
ცენტრალური გაგრილება; სტანდარტული კონდიცირება; იატაქვეშა გათბობა; დეკორატიული რადიატორები.
სასურველი განათების ტიპები
როგორც სცენაზე დეკორაციის, ისე სახლში ინტერიერის დიზაინის ჭრილში, განათება ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია. ერთი და იგივე ინტერიერი სხვადასხვა განათებით სრულიად სხვადასხვა სურათს მოგცემს, ამიტომ უნდა დაფიქრდე, როგორი ტიპის განათებები გეკომფორტულება და მოგწონს? მიმართული განათებები, თუ რბილი განათების წყაროები, მაგ. ტორშერი, ბრა, დამალული განათებები და ა.შ.?
ბინა როგორც რენდერში გამოიყურება, რეალობაშიც ისეთი იქნება?
სურათი ვახსენეთ და თან ეს კითხვაც ბევრ ჩვენგანს აწუხებს.
არსებობს სახლები, რომლებიც რენდერის იდენტურია, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც მისგან განსხვავდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაყვები დიზაინერის რჩევებს პროექტის რეალიზაციის ეტაპზე.
(რენდერი) (ფოტო)
მსგავსებას ხშირად განსაზღვრავს დეკორის ისეთი ელემენტი, როგორიცაა: ნახატები. სწორედ ამიტომ, რენდერებში ნახატები არასდროსაა შემთხვევითი, ლიკა და ცოტნე მათ დიდი კვლევისა და ფიქრის შედეგად არჩევენ და იმისთვის, რომ ბინა აბსოლუტურად შეესაბამებოდეს 3დ მოდელს, სტუდიო დუეს მხატვარს შენთვის იდენტური ნახატის დახატვა შეუძლია.
(რენდერი) (ფოტო)
ფაქტი, რომელიც ინტერიერის დიზაინის შესახებ შენ, როგორც დამკვეთმა უნდა იცოდე
ძალიან ბევრს რენდერი მარტივად ასაწყობი ჰგონია, მაშინ როცა ეს კომპლექსური და რთული პროცესია, რომელიც მოიცავს თითოეული ნივთის მოდელირებას: ტუმბოებს, ავეჯს, ტექსტილებს. რენდერი განათების გაკეთებასაც გულისხმობს, რაც როგორც უკვე ითქვა, ბინის საერთო ესთეტიკის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ხდება. როგორც რეალობაში შენდება სახლი, რენდერის დროსაც ასეც ხდება, ოღონდ ვირტუალურ სივრცეში.
და ბოლოს, ბიუჯეტი
ინტერესებს, სურვილებსა და საჭიროებებთან ერთად, მნიშვნელოვანია წინასწარ ბიუჯეტიც განსაზღვრო, რადგან სწორი მოლოდინები შეიქმნა და ბიუჯეტისა და შენი მოთხოვნების გათვალისწინებით, ოპტიმალური შედეგი მიიღო.
ცხოვრებისგან რომ მიიღო ის, რაც გინდა, ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა.
ახლა უკვე იცი როგორ სახლში გინდა ცხოვრება და ყურადღება რას უნდა მიაქციო, ასე რომ, შეგიძლია სტატია ჩახურო და საქმეს შეუდგე.
ბლოგის ავტორი : ნინჩო ბალანჩივაძე