სტუდია დუე | რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
ინტერიერის დიზაინი-რჩევები სტუდია დუესგან
ინტერიერის დიზაინი ცალკე სამყაროა, რომელიც უამრავ ნაწილაკზე დაფიქრებას და მუშაობას მოითხოვს, მაგრამ შენ, როგორც მაცხოვრებელს, შეგიძლია რიგი საკვანძო დეტალები გაითვალისწინო, რომელიც შენზე მორგებული ბინის მოწყობაში დაგეხმარება.
პირველი, რაზეც უნდა დაფიქრდე არის:
როგორი ინტერიერი მჭირდება
ამისთვის პასუხი უნდა გასცე სამ კითხვას:
- რომელი სტილი შემეფერება? — თანამედროვე | მინიმალისტური | თანამედროვე კლასიკა
მომწონს და შემეფერება – ორი სხვადასხვა რამაა, რადგან ის, როგორი სტილის ინტერიერის დიზაინიც შეიძლება მოგეწონოს, შესაძლოა შენთვის კომფორტული სულაც არ აღმოჩნდეს.
- როგორი ფერთა პალიტრა წარმომიდგენია ჩემს სახლში?
ფერთა პალიტრა ის ელემენტია, რომელიც შენს გემოვნებას, შეგრძნებებს და ხასიათს უნდა ეხმიანებოდეს, რადგან სწორედ ფერებია ერთ-ერთი, რაც ბინის საერთო განწყობას ქმნის.
-რა მასალები და ფორმები ჭარბობს?
საქმე რომ გაიმარტივო და უკეთ წარმოიდგინო შენი მომავალი ბინა, Pinterest-ზე ან სხვა, ნებისმიერ პლატფორმაზე მოიძიე უკვე არსებული ინტერიერის ფოტოები, კონკრეტული მაგალითების სახით.
- როგორ გამოვაჩინო სივრცე უფრო ნათელი ინტერიერის დიზაინის ხარჯზე?
საამისოდ, კედლებისთვის შეარჩიე სადა ტონი: თბილი თეთრი ან ნაცრისფერი, საერთო ფერთა პალიტრისთვის კი, უპირატესობა პასტელურ ტონებს მიანიჭე, ასეთი პალიტრისთვის ავეჯის შეხამება გაცილებით გაგიმარტივდება და არჩევანიც მეტი გექნება. დამატებითი ელვარებისთვის, შეგიძლია დიზაინში ერთი ხასხასა ელემენტი შეიტანო, მაგალითად, მკვეთრი ფერის სავარძელი. ასევე, მეტი სინათლე შეგიძლია შემოიტანო ინტერიერში დამალული განათების ხარჯზე, რომელსაც ამ სფეროში ე.წ. ჯიბის განათებას უწოდებენ — ეს სასურველ შედეგსაც გამოიღებს და ჩრდილების გადათამაშების საშუალებასაც მოგცემს.
- რა არის ინტერიერის ის მცირე ელემენტები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ბინის საერთო ესთეტიკაში?
საწოლის გადასაფარებელი
შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ეს პატარა დეტალი საძინებელი ოთახის საკვანძო ელემენტი ხდება ხოლმე, ამიტომ იმისთვის, რომ ოთახის ესტეთიკას სწორად გაესვას ხაზი — გადასაფარებელზე კარგად დაფიქრდი.
ნახატები & ქოთნები
ნახატებს სახლში დამატებით, თავიანთი ხასიათი და ფერები შემოაქვთ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი არა ზედაპირულად, არამედ ნაფიქრად შეარჩიო.
ქოთნებს კი, გარდა იმისა, რომ მცენარეების სახით ინტერიერს აცოცხლებენ, საკუთარი დიზაინითაც შეაქვთ წვლილი ბინის საერთო ესთეტიკაში.
წიგნები
წიგნების ლამაზი ყდები ინტერიერს საინტერესო ელფერს სძენს, მაგრამ ბუნებრივია, მათ მხოლოდ გარეკანის მიხედვით ვერ ავარჩევთ, ამიტომ შეგიძლია ყდები შენი გემოვნებით დაამზადებინო. ასეთი წიგნები გაახალისებს და გაამდიდრებს ინტერიერს.
სიმყუდროვისთვის საჭირო 3 აუცილებელი ელემენტი:
- მცენარეები
- ტექსტილი
- ხის ფაქტურის იატაკი
ოღონდ უნდა გაითვალისწინო, რომ სიმყუდროვეს ერთი კონკრეტული დეტალით ვერასდროს შექმნი, ეს შეგრძნება ბევრი ელემენტის გაერთიანებით მოდის, რა თქმა უნდა, სწორად შერჩეულ ფერებთან კომბინაციაში. მაგრამ დამატებით, მთავარი, საიდუმლო ინგრედიენტი მაცხოვრებლების ის განწყობა და სიყვარულია, რომელიც სახლში ტრიალებს.
- რა პრინციპით შევარჩიო და მივუჩინო ადგილი დეკორს
დეკორი ის პატარა დიდი ელემენტია, რომელიც ჰკრავს, მაგრამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში, აფუჭებს კიდეც ინტერიერს.
თითოეული ბინა უნიკალურია და მასში არსებული დეკორიც აბსოლუტურად დამოკიდებულია მის ინდივიდუალურ სტილზე. ბევრმა დეკორმა შესაძლოა გადატვირთოს სივრცე, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგიერთ სახლს შეიძლება მოუხდეს კიდეც. ხშირად, სულ რამდენიმე ნივთი, სწორ ფერებსა და ფორმებთან კომბინაციაში, იმდენად ავსებს ბინას, რომ მეტი არც არაფერი არის საჭირო.
პ.ს. და დაიმახსოვრე, ლამაზი ნივთი არ ნიშნავს, რომ ის ინტერიერს აუცილებლად მოუხდება.
თითო რჩევა თითო ოთახისთვის:
საძინებელი
უმჯობესია, საძინებელში გამოვიყენოთ თბილი ტონები და მყუდრო განათება, რათა შეიქმნას მოსასვენებელი ატმოსფერო.
საბავშვო საძინებელი
მხედველობაში უნდა მიიღო, რომ ბავშვები მალე იზრდებიან, ამიტომ მოერიდე ზედმეტად ფერად ან მოხატულ კედლებს. ნაცვლად ამისა, ფერები შეიტანე ავეჯშსა და დეკორში, რომელთა ჩანაცვლება შედარებით მარტივია.
სამზარეულო
სამზარეულოში ყველაზე მთავარი — სამუშაოდ კომფორტული გარემოა, რათა მომზადების პროცესი შენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს და მაგალითად არ დაუშვა ისეთი შეცდომა, როგორიცაა ნიჟარის გვერდით დამონტაჟებული გაზქურა.
ფუნქციურობისა და ესთეტიკის თვალსაზრისით კი, მშვენიერი გადაწყვეტაა სამზარეულოს კუნძული, რომელიც სამუშაო სივრცედაც გამოგადგება, სივრცის გამყოფი ზოლის ფუნქციასაც შეითავსებს და სასაუზმოდ ან ვიწრო ოჯახური სადილებისთვისაც აითვისებ.
სტუდიოს ტიპის მისაღები
თუ ბინაში არა იზოლირებული, არამედ სტუდიოს ტიპის, გახსნილი სასტუმრო ოთახი გაქვს, კარგი იქნება თუ მას მაქსიმალურად დიდ ფართობს დაუთმობ. უმჯობესია საძინებლებსა და სხვა ოთახებს მცირედი კვადრატულობა მოაკლო და ეს სივრცე მისაღებს მიუმატო, რადგან ყველაზე დიდ დროს სწორედ აქ ატარებ.
ყველაზე მთავარი კი, რაც უნდა გახსოვდეს არის ის, რომ ლამაზი სახლი საკმარისი არასდროს არის. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად უნდა იცხოვრო, ამიტომ პირველ რიგში, კარგად გაიაზრე შენი საჭიროებები და დაფიქრდი, რა გიქმნის ცხოვრებაში ყველაზე დიდ კომფორტს და ბინაც სწორედ ამის მიხედვით მოაწყვე.
ბლოგის ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე